დიდი გლდანის ტბა (ან დიდი ტბა, თეთრი ტბა) — ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, სოფელ გლდანის მახლობლად. ტბის წარმოშობა ტექტონიკურია. მდებარეობს ზღვის დონიდან 546 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,2 კმ², აუზის ფართობი 0,77 კმ². ტბის სიგრძეა დაახლოებით 900 მ, ხოლო სიგანე — 300 მ. ტბა ძირითადად წვიმისა და თოვლის წყლებით და აგრეთვე მწარე მარილოვანი წყაროებით საზრდოობს, რის გამოც იგი დამლაშებულია და თითქმის მოკლებულია იხტიოფაუნას. მაღალი დონეა გაზაფხულზე, დაბალი — ზაფხულში. ტბა გაუდინარია. ტბა სიბერის სტადიაშია; მისი ფართობი მცირდება და სანაპიროები მლაშობის ბალახი მცენარეულობით არის დაფარული.