კახისის ტბა — ტბა საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარეების ჭობისხევისა და დვირულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფ შტოქედზე, ზღვის დონიდან 1752 მ. ფართობი 0,05 კმ², უდიდესი სიღრმე 10 მ. ტბის ქვაბული წარმოქმნილია სუფოზიის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა სადინარით. ტბის მიდამოებში ნაძვნარია.