ოქროწყალი, დიდი ოქროწყალი — კარული ტბა კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მესტიის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 2403 მ-ზე. სარკის ფართობი 0,1 კმ², აუზის ფართობი 2,2 კმ², უდიდესი სიღრმე 26,5 მ, საშუალო სიღრმე 12 მ, წყლის მოცულობა 1,2 მლნ. მ3. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა. მაღალი დონე აქვს გაზაფხულ-ზაფხულში, დაბალი — ზამთარში. ტბაში თევზი არ არის. ზამთარში იყინება, წყალი სუფთა და გამჭვირვალეა.